უკრაინამ რუსებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო

27 ივნისი 2022 Shadow

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის აგრესიული შეჭრიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა. უკრაინის ხელისუფლება, დონბასის რეგიონების ოკუპაციიდან მოყოლებული, ბოლო რვა წლის განმავლობაში, თავს იკავებდა სავიზო რეჟიმის შემოღებისგან. ახლა კი, 4 თვიანი ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლებამ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რუსეთთან უვიზო რეჟიმი სწორედ იმ დღეს გააუქმა, როდესაც ევროკომისიამ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. მინისტრთა კაბინეტის დადგენილება ძალაში 1 ივლისს შევა.

რუსეთსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებდა ყირიმის ანექსიისა და დონბასში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგაც. რუსებს შეეძლოთ უკრაინაში 90 დღემდე დარჩენა ყოველ ექვს თვეში ერთხელ. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ჰქონდათ პასპორტი და საზღვარზე საფუძვლიანი შემოწმება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 2014 წლიდან უკრაინაში შესული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

“2013 წელს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა საერთო რაოდენობა, ვინც საზღვარი გადაკვეთა უკრაინაში შესასვლელად, დაახლოებით 11 მილიონი იყო, 2014 წლის განმავლობაში სამგზავრო მიმოსვლა 2,5 მილიონამდე შემცირდა“, - აცხადებდა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანი, ანდრეი დემჩენკო.

”არავის განუსაზღვრავს ეს მომენტი მიზანმიმართულად,” - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.  „ეს არის ისტორიის მიმდინარეობა. თავად რუსეთმა გააკეთა ყველაფერი მიზანმიმართულად, რათა გაენადგურებინა ყოველგვარი კავშირი უკრაინასთან. ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროკავშირთან ჩვენი კავშირები მაქსიმალურად გაძლიერდეს“.

რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტის აპარატის ვებგვერდზე შესაბამისი ელექტრონული პეტიცია გამოჩნდა. როგორც კი 25,000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, რაც განსახილველად იყო საჭირო, ზელენსკიმ მას მხარი დაუჭირა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, როგორ და სად შეძლებენ რუსები ვიზების აღებას 1 ივლისიდან, რადგან კიევმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეს, ხოლო მარტის დასაწყისში უკრაინამ დახურა ყველა დიპლომატიური მისია რუსეთში. „ახლა ჩვენ იქ არ გვაქვს საელჩოები და საკონსულოები“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ. „შესაბამისად, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით შემდგომი მუშაობა გარე სერვისის პროვაიდერების დახმარებით განხორციელდება. საუბარია კომპანია VFS Global-ზე, რომელიც აგროვებს ინფორმაციას სავიზო განაცხადებისთვის. ეს არის უმსხვილესი სავიზო ცენტრები, რომლებიც მომსახურებას უწევენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა სახელმწიფოებსაც. და ჩვენ ვგეგმავთ, რომ რვა ასეთმა სავიზო ცენტრმა იმუშაოს რუსეთში, რომელიც შეაგროვებს ინფორმაციას განმცხადებლებისგან და შემდეგ დაამუშავებენ მას რუსეთის ფედერაციის გარეთ, იმისთვის, რომ სავიზო რეჟიმმა იმუშაოს.“

სავიზო ცენტრები განთავსდება მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, დონის როსტოვში, სამარაში, ნოვოსიბირსკში. სრული სია გამოქვეყნებულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ეს იქნება კლასიკური ფასიანი ვიზები სტანდარტული ფასით და უკრაინაში ყოფნის ნებადართული ვადით 90 დღემდე. რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან მესამე ქვეყნებში, შეეძლებათ ვიზის მისაღებად განაცხადი გააკეთონ უკრაინის საელჩოებში ან საკონსულოებში.

„შესაძლებელია ამ სავიზო განაცხადების დამუშავებას ცოტა მეტი დრო დასჭირდეს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ. „იმიტომ, რომ რუსეთი მიეკუთვნება იმ სახელმწიფოთა კატეგორიას, სადაც მიგრაციის მაღალი რისკია. შესაბამისად, უკრაინის დიპლომატიური დეპარტამენტები და კომპეტენტური ორგანოები ჩაერთვებიან სავიზო განაცხადების განხილვაში.“

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ვიზის ქონაც კი არ იძლევა რუსეთის მოქალაქის უკრაინაში 100% დაშვების გარანტიას. საბოლოო გადაწყვეტილებას საგუშაგოზე მესაზღვრეები მიიღებენ.

„ვიზის ქონა არ ნიშნავს შეუფერხებელ მოგზაურობას ჩვენს ქვეყანაში“, - ამბობს ანდრია დემჩენკო, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი. „ყველა უცხოელმა, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმაც უნდა დაადასტურონ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის მიზეზები, რათა მესაზღვრეებმა მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება.“

ოფიციალური პირები და დიპლომატები აცხადებენ, რომ უკრაინამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი, ძირითადად, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის არსებობის გამო შემოიღო. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, 2021 წელს ნახევარმა მილიონმა რუსმა გადაკვეთა უკრაინის საზღვარი. შვიდი ათასი სხვადასხვა მიზეზით არ შეუშვეს ქვეყანაში. ომის დროს შემოსული რუსების რაოდენობა უცნობია. ამჟამად, რუსეთთან და ბელარუსთან ყველა სასაზღვრო პუნქტი დაკეტილია. რუსებს უკრაინაში შესვლა მხოლოდ სხვა ქვეყნებიდან შეუძლიათ: პოლონეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, უნგრეთი და მოლდოვა.

 

წყარო: настоящее время